ფინანსური მონიტორინგის სამსახური

2011 წლის 30 დეკემბერს, ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში. კანონის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის განხორციელება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაევალა.

კანონით მონიჭებული მანდატის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეფექტიანი კომუნიკაციის მეთოდების საშუალებით მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რაც ინფორმაციის სწრაფად მიღებისა და ანალიზის პროცედურას მნიშვნელოვნად აადვილებს.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში დეტალურად არის გაწერილი ის ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც პოლიტიკურ პარტიებს ევალებათ. ყველა ქმედება, რომელიც კანონის რეგულაციათა გვერდის ავლით განხორციელდება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ამდენად, ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვებ-გვერდზე განათავსებს და პერიოდულად განაახლებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისათვის საინტერესო დეტალურ ინფორმაციას. ასევე, შეიმუშავებს ინფორმაციის მიღების ფორმებს ცხრილების სახით, რაც ემსახურება პოლიტიკური პარტიების მიერ კანონით სავალდებულო ინფორმაციის მოწოდების გაადვილებას.