ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა ბიუროს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ბიუროს უფროსმა გამოსვლის დასაწყისში აღნიშნა, რომ “დამოუკიდებელი და მრავალფუნქციური უწყების შექმნამ გააჩინა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის, კოორდინირებული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების ეფექტიანი შესაძლებლობა, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ძლიერი იარაღია.” „შექმნიდან ერთი წლის მანძილზე, ბიურომ არსებული ინსტიტუციური გამოცდილების, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების შესწავლის, აკადემიური წრეების წარმომადგენლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობის, საჯარო სექტორთან კომუნიკაციებისა და ასევე საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით შეძლო მყარი ფუნდამენტის ჩაყრა ბიუროს წარმატებული სამომავლო საქმიანობისათვის“- აღნიშნა ბიუროს უფროსმა. რაჟდენ კუპრაშვილმა ყურადღება გაამახვილა ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. მისი თქმით, „ეფექტიანი სტრატეგიის დასახვისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, 2023 წელს ბიუროს მიერ შესწავლილ იქნა 15 ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა, გაკეთდა სიტუაციური ანალიზი, გადამზადდა ბიუროს თანამშრომლები და დაიგეგმა სპეციალური სასწავლო პროგრამების შემუშავება, რომელიც საჯარო მოხელეებს მისცემს გეგმით დადგენილი აქტივობების შესრულებისათვის საჭირო ცოდნასა და კვალიფიკაციას." ბიუროს უფროსი მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ „აღნიშნულის უზრუნველყოფისათვის, ანტიკორუფციული ბიუროს წინადადებით, საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს მამხილებლისათვის უფასო იურიდიული დახმარების უზრუნველყოფასა და უფასო ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას.“ რაჟდენ კუპრაშვილმა წარადგინა სტატისტიკა წლის განმავლობაში შემოწმებული თანამდებობის პირების, დასრულებული მონიტორინგისა და დაჯარიმებულ პირთა რაოდენობების შესახებ. საზოგადოებას წარედგინა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის პროცესების სტატისტიკური მონაცემები. ბიუროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას საერთაშორისო თანამშრომლობა და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება წარმოადგენს. რაჟდენ კუპრაშვილის, თქმით „ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში გადიოდა მნიშვნელოვან რეფორმებს და ერთ-ერთი რეფორმა ანტიკორუფციული ბიუროს ჩამოყალიბება გახლდათ. მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო გაგვეცნო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ასევე ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებისთვის წარგვედგინა საქართველოში განხორციელებული რეფორმის შინაარსი.“ ღონისძიებას დაესწრნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თბილისის მერი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „კორუფციის პრევენცია: ანტიკორუფციული რეფორმა საქართველოში და საერთაშორისო პრაქტიკა”. შეხვედრა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა და გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ გახსნეს. კონფერენციაზე მონაწილეობდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ლიეტუვის რესპუბლიკის, ესპანეთის სამეფოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და ტაჯიკეთის ანტიკორუფციული უწყებების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები კორუფციის მიმართულებით, ანტიკორუფციულ საკითხებში მიღწეული პროგრესი და არსებული მექანიზმები. საუბარი შეეხო მამხილებელთა დაცვის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკას, კორუფციული რისკების შეფასებასა და პრევენციული მექანიზმების გაძლიერებას. საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ანდალუსიის თაღლითობასთან ბრძოლის ოფისსა და ანტიკორუფციულ ბიუროს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები თანხმდებიან, ერთობლივად შეიუმუშაონ პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს კორუფციული რისკების მართვას, შეფასების მექანიზმების განვითარებას და დანერგვას. ასევე, დაიგეგმება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მამხილებელთა დაცვის საკითხებზე არსებული საუკეთესო პრაქტიკისა და არსებული რესურსების ურთიერთგაზიარება. კონფერენციის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, აკადემიური წრეების და საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები. ღონისძიება განხორციელდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ.
ანტიკორუფციულ ბიუროსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები თანხმდებიან ხელი შეუწყონ კერძო სექტორში გამჭვირვალობასა და კეთილსინდისიერებას. მემორანდუმის მიზანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში კორუფციული რისკების შეფასება და მართვის სისტემის გაძლიერება. ასევე, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში კოორდინირებული თანამშრომლობა, კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება, არსებული პრაქტიკის გაზიარება და აღნიშნული მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივის განსაზღვრა.
ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკა განისაზღვრება შემდეგი პოლიტიკის დოკუმენტებით − კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის დოკუმენტით, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიითა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმით, რომლებიც განსაზღვრავენ არსებული გამოწვევების დაძლევისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების გაძლიერების გზებს. ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილების შესაბამისად. საგულისხმოა, რომ ბიუროს უფროსის 2023 წლის 3 აგვისტოს №2 ბრძანებით ცვლილება განხორციელდა ბიუროს დებულებაში და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტი გარდაიქმნა ანტიკორუფციული პოლიტიკის დეპარტამენტად, რათა ამ დეპარტამენტის საქმიანობა ფოკუსირებული იყოს მხოლოდ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და მისი შესრულების მონიტორინგზე. ამჟამად დაწყებულია სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა, მიმდინარეობს როგორც დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება, ისე წინა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ანალიზი და შეფასება. ხაზგასასმელია, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკის მომზადების პროცესი იქნება საჯარო და უზრუნველყოფილი იქნება დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, ხოლო დამტკიცებული სტრატეგიის დოკუმენტი ოფიციალურ გამოქვეყნებასთან ერთად, განთავსდება ბიუროს ვებგვერდზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი მაქსიმალური ხელმისაწვდომობა.
ვრცლად2023 წლის 31 მარტს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალური წარდგენა ეროვნული და საერთაშორისო დაინტერესებული მხარეებისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, სხვადასხვა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელები, საელჩოების წარმომადგენლები და ა.შ.
შეხვედრა გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ასევე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. ბიუროს უფრომა, რაჟდენ კუპრაშვილმა ისაუბრა ბიუროს სამომავლო გეგმებზე და პრიოტიტეტებზე.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ევროპის საბჭოს არჩევნებზე დაკვირვებისა და მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენლებს შეხვდა
ანტიკორუფციულ ბიუროსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
ანტიკორუფციულ ბიუროსა და რეგენსბურგის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა