მონიტორინგის სამსახურის განცხადება ააიპ „მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგის“ ორგანული კანონის 26-ე პრიმა მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტად ცნობის შესახებ

05.09.2012 01:14:00

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკური პარტიების და 261 მუხლით განსაზღვრული პირების ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე ახორციელებს მონიტორინგს.

აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში, ააიპ „მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგა" მისი საქმიანობიდან, ასევე საჯაროდ გაცხადებულიმიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 261მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტად იქნა ცნობილი და მასზე გავრცელდა ორგანული კანონით დადგენილი შეზღუდვები.

ააიპ „მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგის" დამფუძნებელი ყრილობა 2012 წლის 2 აპრილს გაიმართა. ორგანიზაციის დამფუძნებლებმა საკუთარი მიზნებისა და ამოცანების საჯაროდ დეკლარირებისას და განაცხადეს, რომ „გაერთიანდნენ სახელისუფლებო მონოპოლიისაგან, უსამართლობითა და სიცრუით გამოწვეული უიმედობისაგან გასათავისუფლებლად, ... გაერთიანდნენ, რათა შეაჩერონ ხელისუფლების ბატონობა პიროვნებაზე, დაიცვან საკუთარი ღირსება, თავისუფლება და მომავალი’’. ორგანიზაციის დაფინანსების წყაროდ შემოწირულებები გამოცხადდა.

მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის” აქტივობის ერთ-ერთ მიმართულებად საარჩევნო სიების დაზუსტება განისაზღვრა. 2012 წლის 18 ივნისს „ამომრჩეველთა ლიგამ" „კარდაკარის" ალტერნატიულ პროექტი დაიწყო. პროექტის განსახორციელებლად ორგანიზაცია ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს, თუმცა მისი დაფინანსების წყარო უცნობია.

მიუხედავად ორგანიზაციის მიერ ფორმალურად გაცხადებული მიზნებისა, ორგანიზაციის სახელით საჯაროდ გაკეთებული განცხადებები პოლიტიკური შინაარსისაა და ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე ზემოქმედებას ისახავს მიზნად, რაც, თავის მხრივ, ლეგიტიმური მიზანია, თუმცა სცდება საზოგადოების მიერ ფორმალურად გაცხადებული საქმიანობის მიზანს. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების ეგიდით მიმდინარე აქტივობას, რისთვისაც ორგანიზაცია ფინანსურ რესურსებს იყენებს, თან ახლავს მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური შინაარსის განცხადებები, რის გამოც ფონდის მიზნები და ამოცანები პირდაპირ უკავშირდება პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებსა და საქმიანობას. ამასვე მიუთითებს ფონდის ხელმძღვანელი პოლიტიკურად აქტიური პირების საჯარო გამოსვლები. ისინი თავიანთი ქმედებით საზოგადოებასთან კომუნიკაციით ცდილობენ მიაწოდონ მას საკუთარი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები, რაც იწვევს ორგანიზაციის საქმიანობის პოლიტიკური ნიშნით აღქმას. აღნიშნულს კიდევ უფრო მეტად სარწმუნოს ხდის ის ფაქტი, რომ ორგანიზაციის დამფუძნებლები და წევრები წლების განმავლობაში პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად მონაწილე პირები (ყოფილი პარლამენტის წევრები, ყოფილი მინისტრები, პრეზიდენტობის კანდიდატები) არიან და დღესაც თავიანთი საქმიანობით პირდაპირ არიან ჩართულები პოლიტიკურ და საარჩევნო საქმიანობაში, რისთვისაც სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულ ფინანსურ რესურსებს იყენებენ.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის კონტექსტში „საარჩევნო მიზანი" უკავშირდება ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისაკენ მისი იმგვარად ფორმირების მიზნით, რომ შეიქმნას პოზიტიური დამოკიდებულება ან ჩამოყალიბდეს ელექტორატის ნეგატიური განწყობა კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ და ამ გზით ზეგავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია, ააიპ „მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგა" უშუალოდ არ მონაწილეობს არჩევნებში, თუმცა მას გააჩნია საარჩევნო მიზნები. ორგანიზაციის და მისი წევრების დეკლარირებული მიზანი არის რეალური და უკავშირდება არჩევნების შედეგებს, რის განსახორციელებლადაც იყენებენ შესაბამისი ინტელექტუალურ და მატერიალურ რესურსს.

ამდენად, ააიპ „მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგა" საჯაროდგაცხადებული მიზნებიდან და ამოცანებიდან, ასევე მისი რეალურად განხორციელებული საქმიანობიდან გამომდინარე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულიკანონის 261 მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტად ჩაითვალა ასეთი სტატუსის თანმდევი სამართლებრივი შედეგებით.

მონიტორინგის ჯეროვნად განხორციელებისა და ორგანიზაციის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, ააიპ „ამომრჩეველთა ლიგას" ეცნობა, თუ რა ფორმით განახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ფინანსური გამჭვირვალობის ფუნქციას. ასევე, გაეგზავნა ინფორმაცია მათი უფლება-მოვალეობების და ფინანსური ანგარიშგების წესების შესახებ.