გენერალური აუდიტორის პირველ მოადგილედ ნინო ლომჯარია დაინიშნა

04.11.2016 02:14:00

 4 ნოემბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ მედიას პირველი მოადგილე ნინო ლომჯარია წარუდგინა.

”ჩემს პირველ მოადგილედ მინდა წარმოგიდგინოთ ქალბატონი ნინო ლომჯარია. საოგადოებისთვის ცნობილია მისი საქმიანობის შესახებ. ნინო მთელი ამ ხნის მანძილზე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ისეთ პროცესებში როგორიც არის საარჩევნო სისტემის შექმნა, ანტიკორუფციული და გამჭვირვალე გარემოს ფორმირება. მისი ცოდნა, გამოცდილება, რეპუტაცია არის პირდაპირ თანხვედრაში სახელმწიფო აუდიტის მიზნების და საქმიანობისთვის. ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეიძინა პროფესიონალი კოლეგა. დიდი ხნის მანძილზე გვქონდა კონსულტაციები და მან მიიღო გადაწყვეტილება შეერთებოდა ჩვენს გუნდს”, - განაცხადა თორდიამ.

გენერალური აუდიტორის პირველმა მოადგილემ, ნინო ლომჯარიამ კი აღნიშნა, რომ აუდიტის სამსახური დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე უწყება, რომელიც საკმაოდ წარმატებით ცდილობს დანერგოს საერთაშორისო სტანდარტები.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ნდობისთვის გენერალურ აუდიტორს. აუდიტის სამსახური დღესდღეობით არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე უწყება, რომელიც საკმაოდ წარმატებით ცდილობს დანერგოს საერთაშორისო სტანდარტები. ეს მიღწევები არის აღიარებული არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ. სწორედ ეს გარემოებები იყო საფუძველი ამ შემოთავაზებაზე დათანხმების. არასამთავრობო სექტორში ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო საჯარო უწყებების გამჭვირვალობა. დღეს, უკვე საჯარო მოხელის სტატუსით დიდი სურვილი მაქვს აუდიტის სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებაში მივიღო მონაწილეობა, რაც აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების და სახელმწიფოს ფინანსების განკარგვა მოხდეს კანონიერად, ეფექტურად და მიზნობრივად”, - განაცხადა  გენერალური აუდიტორის პირველმა მოადგილე ნინო ლომჯარიამ.

იხ. ინტერნეტ წყაროები, ტელევიზიარადიო