სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გამოცდილება ბალტიის ქვეყნებმა გაიზიარეს

13.04.2018 10:48:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ აზნაურაშვილმა მონაწილეობა მიიღო ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისისა და ლიტვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანიზებულ ექსპერტთა მრგვალ მაგიდაში, რომელიც ლიტვის ქ.ვილნიუსში გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო ლიტვისა და ბალტიის ზღვის ქვეყნებისთვის ელექტრონული ანგარიშგების პროგრამის დანერგვის პროცესში გამოცდილების გაზიარება. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ელექტრონული ანგარიშგების პროგრამის დანერგვისას სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს გამოცდილებაც გაიზიარეს.

კონფერენციას საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გარდა, აშშ-ს ფედერალური საარჩევნო კომისიის, ასევე დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის, ნორვეგიისა და ევროპის სხვა ქვეყნების სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებისა და მონიტორინგში ჩართული პირების მიერ არაერთხელ აღინიშნა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული რეფორმებისა და დანერგილი ელექტრონული სისტემების წარმატების შესახებ. ექსპერტებმა დაასახელეს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სხვადასხვა ქვეყნისთვის გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის წარმატებული მაგალითები.