რეგიონული კონფერენცია "ფული პოლიტიკაში"

26.06.2018 07:23:00

საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზებით,  სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მესამე რეგიონული კონფერენცია გაიხსნა თემაზე - „ფული პოლიტიკაში“.

კონფერენციას 10 ქვეყნის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის განმახორციელებელი სტრუქტურის 100-ზე მეტი წარმომადგენელი და საერთაშორისო ექსპერტი ესწრება.

კონფერენციის მიზანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკური ფინანსების სფეროში არსებული აქტუალური საკითხების იდენტიფიცირება,  გამოცდილების გაზიარება, არსებული  მექანიზმებისა და მონიტორინგის  შედეგების გაუმჯობესება.

კონფერენციაზე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: პოლიტიკური დაფინანსების წყაროები, კრიპტოვალუტის გამოყენება პოლიტიკაში, სამოქალაქო საზოგადოების, როგორც  დამკვირვებლის  როლი და ეფექტური ფინანსური მონიტორინგის ორგანოები, ქალი კანდიდატების თანაბარი ხელმისაწვდომობა და გენდერული ბალანსი, პოლიტიკური ფინანსების თანამედროვე განვითარება და გამოწვევები, სოციალური მედიის როლი და სხვა.   

კონფერენცია გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა გახსნა.   „თანხების მოძრაობის მონიტორინგის სისტემის გამართულობა ხელს უწყობს პოლიტიკაში არსებული ფინანსების გამჭვირვალობას. სახელმწიფო აუდიტის სამსახური, როგორც დამოუკიდებელი მაკონტროლებელი ორგანო მოწოდებულია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი პოლიტიკაში დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას და პოლიტიკური ფინანსების საჯაროობას და  ამ მხრივ საერთაშორისო გამოცდილების ურთიერგაზიარებას დიდი როლი ენიჭება“, აღნიშნა ირაკლი მექვაბიშვილმა.

რეგიონული კონფერენცია თემაზე „ფული პოლიტიკაში“ თბილისში მესამედ იმართება. კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან: სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), ევროპის საბჭო (CoE), დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტი (International IDEA), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო და მულტიპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი (EECMD).