ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) საჭიროებების შეფასების მისიის წარმომადგენლები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობას გაეცნენ

06.08.2020 02:54:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) საჭიროებების შეფასების მისიის წარმომადგენლებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.

მისიის წევრებს გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი, გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკატერინე ღაზაძე და პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბესიკ ქოჩიაშვილი შეხვდნენ.

შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელები დელეგაციის წევრებს პოლიტიკური ფინანსების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ესაუბრნენ. ასევე საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის მიმდინარე სტატუსი გააცნეს.

დელეგაციის წევრების კითხვები შეეხებოდა მათ მიერ წინა ვიზიტისას გაცემულ რეკომენდაციებს. გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისას ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) საჭიროებების შეფასების მისიის რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნა.

ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) საჭიროებების შეფასების მისიის წარმომადგენლები წინასაარჩევნო პერიოდში არსებული გამოწვევებითაც დაინტერესდნენ და მოისმინეს ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან მზაობის და საპასუხო ღონისძიებების შესახებ: როგორ მიმდინარეობს პოლიტიკურ სუბიექტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია, რამდენად უზრუნველყოფილია ინფორმაციის გამჭვირვალობა და სხვა.