მონიტორინგის სამსახურის განცხადება

07.03.2012 02:17:00

გამომდინარე იქედან, რომ პოლიტიკური სუბიქტების ანგარიშებზე შემოწირულობების სახით თანხის გადარიცხვის თაობაზე კონკრეტული ფიზიკური პირების მიერ მედიით გავრცელებული განცხადებები არ ემთხვევა რეალობას, საჯაროს ვხდით მათ მიერ საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურისთვის მიცემული ახსნა-განმარტებებიდან ამონარიდებს.

  • ცოლ-ქმარ ბესიკ მუმლაურის და თამაშა ჩიტაიას ახსნა-განმარტებები:

ბესიკ არსენის-ძე მუმლაური:

1990-იანი წლებიდან ვარ უმუშევარი, ვარ დაავადებული დიაბეტით, რის გამოც ვერ ვეწევი აქტიურ სამუშაოს. ყოველთვიურად მეხმარება რეგულარულად სამი წელი ბანკი ქართუს საშუალებით ჩემი მეგობარი ბიძინა ივანიშვილი. ყოველთვიურად ხელზე ვიღებთ 2 780 ლარს დაქვითვის გარეშე. თანხის ნაწილს ვხარჯავდი ოჯახის საჭიროებისათვის, დანარჩენს კი ვაგროვებდი შავი დღისთვის. ერთადერთი შემოწირულობა განვახორციელე 2012 წლის თებერვლის დასაწყისში 10 000 ლარი, რომელიც იყო ჩემი პირადი დანაზოგი. ოჯახის დანაზოგი იყო დაახლოებით 17 000 ლარი. ბიძინა ივანიშვილს ჩემი დახმარება დასჭირდა, რადგან ვნახე, რომ უჭირდა „ქართული ოცნებისათვის“ თანხების მოძიება, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის და შევეცადე დავხმარებოდი მას ფინანსურად 10 000 ლარის ოდენობით. ზემოთ აღნიშნული 2 780 ლარიდან მე მერიცხება ჩემ კუთვნილ საბანკო ანგარიშზე ქართუ ბანკში. ყოველთვიურად 1390 ლარი, მეუღლეს თავის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე ერიცხება 1390 ლარი. ჩემა მეუღლემ (თამაშა ჩიტაიამ) „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის თებერვლის დასაწყისში შეწირა 5000 ლარი. ამ ეტაპზე ჩვენი დანაზოგია 2000 ლარი რასაც ვინახავ სახლში.

თამაშა ჯაჯის-ას ჩიტაია:

90-იანი წლების შემდეგ ოფიციალურად არსად ვმუშაობ. ვარ შპს-ს დირექტორი, მაქვს მცირე შემოსავალი, თვეში მოგება მრჩება დაახლოებით 300-400 ლარი. იჯარით მაქვს აღებული მცირე ფართი სადაც ვვაჭრობ საყოფაცხოვრებო წვრილმანი ნივთებით. თანხას 1390 ლარს ბიძინა ივანიშვილისგან დაახლოებით ორ წელზე მეტია რაც ვიღებთ. სამწუხაროდ ქველმოქმედება არასოდეს განმიხორციელებია, რადგან ამის მატერიალური საშუალება სამწუხაროდ არ მქონდა. რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციისათვის ან კონკრეტული გაჭირვებული ადამიანისთვის თანხა არასოდეს შემიწირავს, გარდა ბოლო პერიოდისა როდესაც „ქართულ ოცნებას“ შევწირე 5000 ლარი. ჩემთვის ცნობილი გახდა , რომ „ქართულ ოცნებას“ ჭირდებოდა თანხები, მე გადავწყვიტე ჩემი დანაზოგი თანხა 5000 ლარი შემეწირა „ქართული ოცნებისათვის“, მოგახსენებთ 5000 ლარი შევწირე და დავიტოვე მხოლოდ საარსებო თანხა. ამ 5000 ლარს ვაგროვებდი წლების განმავლობაში. ეს იყო ჩემო ოჯახის დანაზოგი. დღეის მდგომარეობით რაიმე სახის დანაზოგი ბანკში არ მაქვს, მაქვს დანაზოგი მხოლოდ მცირე თანხა ოჯახური საჭიროებისამებრ 1000 ლარის ოდენობით.

  • მარიამ მეტრეველის ახსნა-განმარტება:

მარიამ ანდრიას-ას მეტრეველი

საშუალოდ ჩემი ოჯახის თვიური შემოსავალი ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე არის 1000-1500 ლარი. თვის განმავლობაში ვახერხებ დაახლოებით 500-800 ლარი დანაზოგის გაკეთებას, ზოგჯერ საერთოდ ვერ ვახერხებ. გავხსენი ანგარიში ქართუ ბანკში თუ რატომ გახდა საჭირო ანგარიშის გახსნა ჩემთვის უცნობია. ერთ-ერთმა ოპერატორმა მითხრა, რომ ჯერ უნდა გამეხსნა ანგარიში ხოლო იქიდან გადამერიცხა „ქართული ოცნებისათვის“. „ქართული ოცნების" ანგარიში არ ვიცოდი თვითონ ბანკის თანამშრომელმა ჩემი თხოვნით მომიძებნა. მე არ დამიკონკრეტებია თუ რომელი „ქართული ოცნების“ ანგარიშებზე უნდა ჩარიცხულიყო თანხა. ოპერატორმა თავად გადაწყვიტა რომელ ანაგრიშზე ჩაერიცხა. წარსულში ქველმოქმედება არ განმიხორციელებია და ფული არავისთვის არ გადამირიცხავს. არა იმიტომ, რომ არ მქონდა ამის საშუალება არამედ იმიტომ რომ სურვილი არ გამჩენია. ერთადერთი შემოწირულობა რაც განვახორციელე მოხდა 9 თებერვალს ჩემი დანაზოგიდან 10 000 ლარი შევწირე ბიძინა ივანიშვილის მოძრაობას „ქართულ ოცნებას“. ერთ მშვენიერ დღეს ამოტივტივდა სურვილი დავხმარებოდი ბიძინა ივანიშვილის მოძრაობა „ქართულ ოცნებას“, რადგან ბიძინასთან დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს. ბიძინა ივანიშვილის სხვა კომპანიებისათვის ფული არასოდეს არ შემიწირავს, მათი არსებობა რა თქმა უნდა ვიცოდი, რადგან ვმუშაობ „ ქართუ ჯგუფთან“ არსებულ კაფეში.

  • ვახტანგ ედიშერაშვილის ახსნა-განმარტება:

ვახტანგ გიორგის-ძე ედიშერაშვილ

ვარ დროებით უმუშევარი 2000 წლიდან. მე ოთხ წელზე მეტია ვიღებ დახმარებას „ქართუ“ ფონდისგან ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით. სხვა დროის გარდა თებერვლის დასაწყისში (9 თებერვალს) განხორციელებული შემოწირულობის გარდა ქველმოქმედება არასოდეს გამიწევია. მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლებისათვის ან სხვა გაჭირვებულისათვის თანხა არ გადამირიცხავს, გარდა ერთი მაქსიმუმ 5 ლარისა. ქველმოქმედების სურვილი სხვა დროს გამჩენია, თუმცა არ ვთვლიდი თავს ვალდებულად ვინმეს დავხმარებოდი მატერიალურად. იმის საშუალება კი მქონია, რომ ვინმეს დავხმარებოდით 10 -20 -100 ლარით. ჩემთვის ცნობილია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შესწიროს ნებისმიერ პარტიას მაქსიმუმ 60 000 ლარი. სწორედ ამიტომ მე უფლება მივცი ჩემ თავს და შევწირე 10 000 ლარი „ ქართულ ოცნებას“. ბიძინა ივანიშვილის კომპანია ქართული ოცნება ჩემი გემოვნებით შევარჩიე, რადგან მაქვს ინფორმაცია რომ ეს ორგანიზაცია არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და საარჩევნო ხარჯებისთვის ეს თანხა გამოადგებათ.

მივედი ქართუ ბანკში ვიკითხე „ქართული ოცნების“ ანგარიშის ნომერი, გამიფორმეს საბუთები და თან ნაქონი 10 000 ლარი უშუალოდ შევიტანე „ქართული ოცნების“ ანგარიშზე. დამატებით რამე ანგარიში ბანკში არ გამიხსნია. ნაღდი ფული 10 000 ლარი ჯერ ჩემს პირად ანგარიშზე არ შემიტანია, არც ქართუ ბანკში და არც სხვა ბანკში ანგარიშზე, პირადი არ გამაჩნია, რადგან არ ვენდობი ბანკებს. ჩემი ოჯახის თვიური შემოსავალი არის 2300 ლარი.

  • გიორგი კობახიძის ახსნა-განმარტება:

გიორგი ტიტეს-ძე კობახიძე

„დემოკრატიულ მოძრაობასთან ერთიანი საქართველოს“ რომლის თავმჯდომარეცაა ნინო ბურჯანაძე, აღნიშნულ პოლიტიკურ ორგანიზაციის საწევრო შენატანებთან არანაირი კავშირი არ მაქვს. მოგახსენებთ, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ფაქტი თითქოს მე დემოკრატიულ მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ წევრებს, კერძოდ კი ლია შერბაკოვს გადავეცი 300 ლარი, რათა მას ეს თანხა შეეტანა ზემოაღნიშნული პარტიის ანგარიშზე სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ქალბატონს ვიცნობ დაახლოებით ორი წელია, რა პერიოდის განმავლობაშიც რამდენჯერმე მისესხებია თანხა დაახლოებით 50-300 ლარის ოდენობით. დაახლოებით ერთი თვის წინ მე მას ვასესხე 300 ლარი. ამ ფაქტს არ მახსოვს ვინმე შეესწრო თუ არა, ბოლო ორი- სამი თვის განმავლობაში სხვადასხვა პირებისთვისაც მისესხებია სხვადასხვა ოდენობის თანხა. მოგახსენებთ, რომ ლია შერბაკოვთან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს, მისთვის სიკეთის მეტი არაფერი გამიკეთებია და რაიმე პირადი წყენა ჩემს მიმართ წესით არ უნდა ჰქონოდა, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო საფუძველი მისი მხრიდან ტყუილის თქმის. შესაძლებელია მან ჩემს მიერ ნასესხები 300 ლარი მართლაც შეიტანა „ დემოკრატიული მორაობა ერთიანი საქართველოს" ანგარიშზე, თუმცა მისთვის ეს თანხა ამ მიზნით არ გადამიცია.

  • ლია შერბაკოვის ახსნა-განმარტება:

ლია ნიკოლოზის -ას შერბაკოვი

2011 წლის ნოემბრიდან ვმუშაობ "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" თბილისის ორგანიზაციის მდივნად. ჩემი უშუალო უფროსია გიორგი კობახიძე. იგი არის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მითითებებს კონკრეტულ დავალებებში უშუალოდ ვიღებ გიორგი კობახიძისაგან. მე „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ წევრად ვითვლები დაახლოებით 2 წელია. პარტიის წევრობის ორი წლის განმავლობაში არ განმიხორციელებია არანაირი სახის საწევრო შენატანი ან სხვა ტიპის შემოწირულობა . თუ არ ჩავთვლით ერთადერთ შემთხვევას, რომელიც მოხდა დაახლოებით ორი კვირის წინ, რიცხვი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ იყო პარასკევი დღე. საქართველოს ბანკში არსებულ ჩემს პირად ანგარიშზე ჩავრიცხე 300 ლარი და იმავე დღეს საწევრო შენატანის სახით გადავრიცხე პარტია „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ანაგრიშზე“. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მე პარტიას შევწირე თანხა, რადგანი იმის საშუალება რომ პარტიას შევწირო ფულადი სახსრები სამწუხაროდ არ გამაჩნია. ჩემი თვიური ანაზღაურება შეადგენს 200 ლარს. ხელფასს ვიღებ ხელზე რაიმე საბანკო ანაგრიშის გარეშე. ხელფასს მიხდის უშუალოდ გიორგი კობახიძე, რა დროსაც რაიმე დოკუმენტზე ხელს არ ვაწერ ხოლმე. ის თანხა რაც მე პარტია „დემოკრატიულ მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ანაგრიშზე შევიტანე საწევრო შენატანის სახით არ იყო ჩემი პირადი თანხა. 300 ლარი გადმომცა უშუალოდ პარტიის თბილისის ორგანიზაცის ხელმძღვანელმა გიორგი კობახიძემ და მთხოვა, რომ ჩემი ანგარიშის მეშვეობით შემეტანა „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ანგარიშზე საწევრო შენატანი. 2012 წლის დასაწყისიდან პარტიის ხელმძღვანელები თანამშრომლების მეშვეობით ახდენდნენ პარტიის ანგარიშზე თანხების ჩარიცხვას, როგორც მე მივხვდი ეს დაკავშირებული იყო საკანონმდებლო ცვლილებებთან, თუმცა ზუსტად რა კანონზეა საუბარი არ ვიცი. ჩემს თვალწინ მომხდარა შემთხვევა როდესაც გიორგი კობახიძემ რამდენიმე პიროვნებას... როცა გიორგი კობახიძის თხოვნა შევასრულე და მის მიერ მოცემული თანხა -300 ლარი შევწირე პარტიას. ვაცნობიერებდი , რომ შესაძლოა რაღაცას არასწორედ ვაკეთებდი, თუმცა მე დამოკიდებული ვარ ამ სამსახურზე , თანაც ჩემთვის ცნობილი იყო, რომ მხოლოდ მე არ ვიყავი გამონაკლისი და პარტიის სხვა წევრებსაც ანალოგიურად შეჰქონდათ თანხები „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ანგარიშზე.