მონიტორინგის სამსახურის განცხადება

15.03.2012 10:25:00

ოლტიკური გაერთიანებების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შეისწავლა შპს „ელიტა ბურჯის“ მიერ მოძრაობა „ქართული ოცნებისათვის“ ბრენდირებული მაისურების დამზადების კანონიერება. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „ელიტა ბურჯმა“, როგორც იურიდიულმა პირმა, 150 000 აშშ დოლარის (250 000 ლარის) უკანონო შემოწირულობა განახორციელა პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ.

მონიტროინგის პროცესში გამოვლინდა, რომ შპს „ელიტა ბურჯი“ მოძრაობა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ასრულებს 500 000 აშშ დოლარის ღირებულების ბრენდირებული (ქართული ოცნების ლოგოტიპით) 200 000 ცალი მაისურებით უზრუნველყოფას.

დადგენილი იქნა, რომ შპს „ელიტა ბურჯმა“ ამ მიზნით განახორციელა 150 000 აშშ დოლარის ტრანზაქცია თურქული კომპანია “TUREN CAMASIRLARI” -ის ანგარიშზე.

სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით არ არსებობს სამართლებრივი რეგულაციების შესაბამისად დადებული ან ბუღალტრულად დაფიქსირებული სათანადო კონტრაქტი.

სამუშაოს შესრულება არ არის უზრუნველყოფილი ავანსის გადახდით და სათანადო ფინანსური გარანტიებით.

ააიპ „ქართული ოცნების“ მიერ ზემოაღნიშნული მომსახურებისთვის არანაირი ხარჯი არ არის გაწეული. 
შპს „ელიტა ბურჯის“ მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული მომსახურება არ არის თავსებადი მის მიმდინარე, ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობასთან, ვინაიდან არასდროს და არც სხვა პირებისთვის მსგავსი მომსახურება არ განუხორციელებია.

მონიტორინგის პროცესში გამოკითხული იქნა შპს „ელიტა ბურჯის“ დირექტორი თენგიზ გვაზავა და საწარმოს მთავარი ბუღალტერი ნინო მენაბდე. ფირმის წარმომადგენლებმა ურთიერთსაწინააღმდეგო და რეალურ ფაქტებთან შეუსაბამო ინფორმაცია წარმოადგინეს.

მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ფაქტების და ინფორმაციის ანალიზის შედეგად, შპს „ელიტა ბურჯის“ ქმედება დაკვალიფიცირდა როგორც მოძრაობა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობა 150 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დებულებებს და ექვემდებარება დაჯარიმებას განხორციელებული უკანონო შემოწირულობის ათმაგი ოდენობით.