სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადება პოლიტიკური სუბიექტების წლიური ხარჯვის ზღვრული მოცულობის შესახებ

14.09.2012 05:42:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს მონიტორინგს პოლიტიკური გაერთიანებების მიერ მიღებულ შემოსავლებსა დაგაწეულ ხარჯებზე,რათა უზრუნველყოფილ იქნას პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობა და პოლიტიკური პარტიების ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი პოლიტიკური სუბიექტებისათვის აწესებს შემოწირულებების მიღების და ხარჯვის ლიმიტს. კანონი არ აწესებს პოლიტიკური პარტიების კანონიერი შემოსავლის საერთო მოცულობის ლიმიტს, თუმცა დადგენილია ხარჯვის ზღვრული მოცულობა. ორგანული კანონის 251(1) მუხლი ადგენს, რომ წლის განმავლობაში პოლიტიკური სუბიექტის მიერ გაწეული ხარჯის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ს. 2012 წლის მდგომარეობით, კანონით დადგენილი წლიური ხარჯვის ზღვრული მოცულობა შეადენს 48,458,298 ლარს (29 მილიონი აშშ დოლარი ან 23 მილიონი ევრო).

საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, წლიური ხარჯვის ზღვრული მოცულობის დადგენისას, პოლიტიკური პარტიების წლიური ხარჯები გამოთვლილ უნდა იქნას 1 ნოემბრიდან მომდევნო წლის 1 ნოემბრამდე. კანონის უკუქცევითი ძალით გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს, პოლიტიკური სუბიექტების მიერ გაწეული ხარჯები ათვლილ იქნეს 2012 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს თარიღს, როდესაც ძალაში შევიდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მიერ დადგენილი ლიმიტი და სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ამავე კანონით, მიიღო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოს მანდატი.

21 აგვისტოს, კანონის მოთხოვნების შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ყველა საარჩევნო სუბიექტისგან მიიღო საარჩევნო პერიოდის ფინანსური დეკლარაციები. დეკლარაციების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სამი სუბიექტი ყველაზე მაღალი საერთო შემოსავლით, ესენია:

  • კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" - 50,725,534 ლარი;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 21,402,789 ლარი;
  • ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა -1,361,135 ლარი.

21 აგვისტოს მდგომარეობით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით დადგენილ ზღვრულ მოცულობაში შესატანი ხარჯები პოლიტიკური გაერთიანებების მიხედვით შემდეგია:

  • კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" - 34,725, 275 ლარი;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 14, 637,598 ლარი;
  • ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა - 786,317 ლარი.


აღნიშნული ხარჯები მოიცავს როგორც კანონიერ ხარჯებს, რომლებიც მოცემულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარმოდგენილ დეკლარაციებში, ასევე სასამართლოს მიერ დადგენილ უკანონო ხარჯებს.

შესაბამისად, კანონით დადგენილი 48,458,298 ლარის ლიმიტის მიღწევამდე, ეს პოლიტიკური სუბიექტები უფლებამოსილნი არიან გაიღონ შემდგომი ოდენობის ხარჯები:

  • კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" - 13,733,023 ლარი;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 33,820,700 ლარი;
  • ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა - 47,671,981 ლარი.

ორგანული კანონის მიხედვით, დადგენილი ლიმიტის გადაცილება გამოიწვევს გადაჭარბებული ოდენობის ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმებას. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი მიუახლოვდება კანონით დადგენილ ხარჯვის ზღვრულ მოცულობას, სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერილობით გააფრთხილებს მას ამის შესახებ, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო კანონდარღვევის ფაქტი.