სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადება

05.07.2012 02:12:00

2012 წლის 28 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოაქვეყნეს წერილი - „რის გამო დაჯარიმდა ბიძინა ივანიშვილი", რომელშიც მოცემულია უკანონო შემოწირულობების განხორციელების გამო ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების თაობაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზი.

ვინაიდან საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კომპეტენციას სცდება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება, ჩვენ შემოვიფარგლეთ ზემოხსენებულ არასამთავრობო ორგანიზაციათა იმ არგუმენტების განხილვით, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოსვლასა და წარდგენილ მტკიცებულებებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ განცხადებაში აპელირებენ რამდენიმე გარემოებაზე, კერძოდ:

  1. ივანიშვილის მხარეს არ ჰქონდა დაცვის მოსამზადებლად საკმარისი დრო;
  2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მტკიცებულებებად წარადგინა მხოლოდ ახსნა-განმარტებები;
  3. დაცვის მხარის არცერთი მნიშვნელოვანი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

დამატებით, განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ „სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას გამოვლინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი", კერძოდ:

  1. ოქმი სამართალდამრღვევის ხელმოწერის გარეშე;
  2. სასამართლო სხდომის თარიღის ვებ-გვერდზე გამოუქვეყნებლობა;
  3. სასამართლოში უსაფრთხოების ზომების მიღება;
  4. სხდომის გამართვა მცირე ზომის დარბაზში.

 

მიუხედავად იმისა, რომ განცხადებას პოზიციურად ნეიტრალური სათაური აქვს („რის გამო დაჯარიმდა ბიძინა ივანიშვილი"), მასში მოცემულია საკმაოდ თამამი და ხმამაღალი დასკვნა - „ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმება არ იყო კანონის შესაბამისი".

თანმიმდევრულად განვიხილოთ არასამთავრობო ორგანიზაციათა არგუმენტები:

1. დაცვის მოსამზადებლად არასაკმარისი დრო.
განცხადების დასაწყისში მოყვანილი არგუმენტიდანვე ცხადი ხდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა ანალიზი არის არასრული, ვინაიდან დაინტერესებულ მკითხველს არ მიეწოდება ინფორმაცია მეორე მხარის - ადამინისტრაციული ორგანოს პოზიციის შესახებ. „როგორც სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ განმარტა", „დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდლომლობა საქმის გასაცნობად გონივრული ვადის მიცემისა და საქმის გადადების თაობაზე მიზანშეწონილი იყო" (თუ რატომ იყო მიზანშეწონილი, ამაზე არაფერია ნათქვამი) - მიგვაჩნია, რომ ამგვარი მსჯელობა და მეორე მხარის არგუმენტაციის იგნორირება ანალიზის ცალმხრივობაზე მეტყველებს.

რაც შეეხება ივანიშვილის მხარის შუამდგომლობას პროცესის გადადების თაობაზე, უნდა აღინიშნოს, რომ იგი არ იყო დასაბუთებული. კერძოდ, შუამდგომლობაში არ გახლდათ მითითებული, თუ რომელი მტკიცებულების შესწავლა საჭიროებდა დამატებით დროს და რა მასალა იყო საქმეში ისეთი, რომელიც მხარისთვის უცნობი იყო. სწორედ ეს არგუმენტები იქნა მოყვანილი სასამართლო პროცესზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, როდესაც დავაფიქსირეთ ჩვენი აზრი ოპონენტის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის დასაბუთებულობასთან მიმართებაში.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ საქმის განხილვისას სასამართლომ გამოაცხადა შესვენება და 8 ივნისის სხდომა განახლდა 11 ივნისს. ცხადია, რომ აღნიშნული მოქმედება, ერთის მხრივ, მხარეებს აძლევს დამატებით დროს პოზიციის უკეთ ჩამოსაყალიბებლად, ხოლო ამავე დროს, მიუთითებს სასამართლოს მხრიდან საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის სურვილზე.

უცნაურია, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადებაში ზემოაღნიშნული ფაქტიდან სრულიად საპირისპირო დასკვნაა გამოტანილი - „გადაწყვეტილებების მიღებას ორი სასამართლო სხდომა დასჭირდა, რომლებიც 8 და 11 ივნისს გაიმართა. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეფუძნებოდა საქმის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას."

2. მტკიცებულებებად მხოლოდ ახსნა-განმარტებების წარდგენა

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ „კონტროლის პალატა ასაბუთებდა სადავო კომპანიების ივანიშვილისადმი კუთვნილებას კომპანიათა გარკვეული თანამშრომლების ახსნა-განმარტებების საფუძველზე", - რაც ცალმხრივი ანალიზის მორიგ მაგალითს წარმოადგენს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებათა მთელი სპექტრი, რომლითაც ერთიანობაში ეჭვმიუტანლად საბუთდება ბიძინა ივანიშვილის მიერ სხვადასხვა კომპანიების მეშვეობით შემოწირულობათა განხორციელება. მათ შორის:

ა) ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება, რომ კომპანიების „ელიტა ბურჯი" „ბურჯი" და „მენეჯმენტ სერვისი"-ს მფლობელი ოფშორული კომპანიების წარმომადგენელია კახა კობიაშვილი;

ბ) სს „ქართუ ჯგუფის" აქციონერთა კრების ოქმი, რომლის თანახმადაც, ამ სააქციო საზოგადოების წილები გაფორმებულია სხვადასხვა ოფშორულ კომპანიებზე, რომლებიც წარმოდგენილი არიან კახა კობიაშვილის მიერ (აღნიშნული პირი თავმდჯომარეობდა სააქციო საზოგადოების კრებას და მასვე მიენიჭა აქციონერთა სახელით სასამსახურო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება);

გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილი სხდომის ოქმი, რომლის თანახმადაც, სს „ქართუ ჯგუფისა" და სს ბანკი „ქართუს" გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ბანკი „ქართუს" ერთადერთი ბენეფიციარი მესაკუთრე;

დ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც კახა კობიაშვილს, ბიძინა ივანიშვილის მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად დაფუძნებული აქვს შპს „აქცეპტი", რომლის წარმომადგენელი და აღმასრულებელი დირექტორიც გახლავთ სწორედ კახა კობიაშვილი;

ე) ბიძინა ივანიშვილის მიერ სს „ქართუ ჯგუფისა" და სს ბანკი „ქართუს" ფლობა, ხოლო კახა კობიაშვილის მხრიდან სს „ქართუ ჯგუფისა" და მასში შემავალი კომპანიების სახელით მოქმედება დასტურდება აგრეთვე შპს „ბურჯის" დირექტორის - ნუგზარ ხუციშვილის, შპს „ელიტა ბურჯის" დირექტორის - თენგიზ გვაზავას, შპს „მენეჯმენტ სერვისის" გენერალური დირექტორის - ბესიკ დემეტრაშვილის, შპს „ბურჯის" დირექტორის - ნოე ქინქლაძის, სს ბანკი „ქართუს" გენერალური დირექტორის მოადგილის - ნატო ხაინდრავას, აგრეთვე სამართალდარღვევაში ჩართული და მათთან უშუალოდ დაკავშირებული კომპანიების სხვა თანამშრომელთა ახსნა-განმარტებებით.

მიუხედავად იმისა, რომ განცხადების ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები თავად ესწრებოდნენ სასამართლო პროცესს და მათ საშუალება ჰქონდათ, უშუალოდ მიეღოთ ინფორმაცია ჩვენს მიერ წარდგენილი მასალების თაობაზე, განცხადებაში საერთოდ არ არის ნახსენები ის მტკიცებულებები, რომლებიც წარედგინა, როგორც სასამართლოს, ისე ივანიშვილის მხარეს.

სრულიად გაუგებარია განცხადების ავტორთა აპელირება კახა კობიაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ნათესაური კავშირის ფაქტზე, რაც ივანიშვილის მხარესაც კი სადავოდ არ გაუხდია, მათ არც უცდიათ ამგვარი კავშირის უარყოფა.

განცხადების ავტორი ორგანიზაციებისგან განსხვავებით (რომლებიც გვთავაზობენ ტენდენციურ ანალიზს, ფაქტების არასრული წარდგენის გზით), ობიექტური დამკვირვებლისათვის, ჩვენს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით სრულიად ნათელი ხდება კობიაშვილისა და ივანიშვილის კავშირი და ამ უკანასკნელის მხრიდან, ოფშორული კომპანიების გამოყენებით უკანონო შემოწირულობის განხორციელება.

3. დაცვის მხარის არც ერთი მნიშვნელოვანი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

ცალმხრივი ანალიზის ნიმუშს წარმოადგენს განცხადების ავტორთა მოსაზრება დაცვის მხარის შუამდგომლობათა თაობაზე. ტექსტიდან ვგებულობთ, რომ ივანიშვილის მხარის შუამდგომლობა, საქმეზე დამატებით მტკიცებულებათა დართვის თაობაზე - დაკმაყოფილდა. თუმცა, როგორც ვხედავთ, ეს არ აღმოჩნდა განცხადების ავტორთათვის „მნიშვნელოვანი", სამაგიეროდ, „მნიშვნელოვან შუამდგომლობათა" ჩამონათვალში გვხვდება:

ა) მოსამართლეთა აცილება (გაურკვეველი მიზეზებით);

ბ) საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვა (ხოლო გადაწყვეტილების გამოტანამდე საქმის განხილვის შეჩერება);

გ) საქმის განხილვის გადადება (რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ);

დ) მესამე პირებად კომპანიების ჩართვა (საუბარია პროცესზე ისედაც მხარის სტატუსით წარმოდგენილი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიებზე);

ნეიტრალური პირისთვის ცხადია, რომ ყველა ჩამოთვლილი შუამდგომლობის მიზანი სწორედ საქმის განხილვის გაჭიანურება გახლდათ, თუმცა განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო „ივანიშვილის დაჯარიმება იყო კანონთან შეუსაბამო".

რაც შეეხება შუამდგომლობას, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა, იგი შეეხებოდა შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" ბიზნეს გეგმისა და პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" რეგისტრაციის მოწმობის საქმეზე დართვას. განცხადების ავტორები ნეგატიურ კონტექსტში აღნიშნავენ, რომ მოსამართლე სათათბირო ოთახში გავიდა საკმაოდ კომპლექსური მტკიცებულების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, არასამთავრობოთა არგუმენტი ამჯერად იყო - „აღნიშნული მტკიცებულებების დასაკმაყოფილებლად მოსამართლე სათათბირო ოთახში გავიდა და თითქმის ერთსაათიანი თათბირის შემდეგ საქმის მასალებს დაურთო, რაც აღნიშნული სახის შუამდგლომლობების განხილვისას იშვიათად ხდება პრაქტიკაში".

სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო აგრეთვე ჩვენს მიერ წარდგენილი დამატებითი მასალები, რომელთა წინასწარ წარდგენაც საპატიო მიზეზით ვერ მოხდა ადამინისტრაციული საქმისწარმოების შემჭიდროვებული ვადების გათვალისწინებით. ამგვარ შესაძლებლობას პირდაპირ ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციები არც ახსენებენ, ხოლო ინკვიზიციური უფლებამოსილებით აღჭურვილი მოსამართლის მიერ დამატებითი მტკიცებულების საქმეზე დართვას, სათათბირო ოთახში გასვლასთან ერთად, წარმოაჩენენ ნეგატიურ მოვლენად - „უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს მხრიდან მსგავსი ქმედებები აზარალებს მის, როგორც ობიექტური მსაჯულის იმიჯს და იძლევა მის ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძვლებს".

განცხადების მეორე ნაწილში არასამთავრობოები მსჯელობენ პროცესის დროს გამოვლენილ „მნიშვნელოვან ხარვეზებზე", კერძოდ:

ა) სხდომის თარიღის ვებ გვერდზე გამოუქვეყნებლობა - ამ დროს თავად განცხადებიდანვე ჩანს, რომ მხარეებსა და დაინტერესებულ პირებს ჰქონდათ ინფორმაცია სხდომის თარიღისა და დროის შესახებ;

ბ) ოქმი სამართალდამრღვევის ხელმოწერის გარეშე - აღნიშნული ხელმოწერის მიზანია ოქმის სამართალდამრღვევისათვის ჩაბარების ფაქტის დადგენა, რაც სადაოდ არ გაუხდიათ თავად ივანიშვილის წარმომადგენლებს;

გ) სასამართლოში უსაფრთხოების ღონისძიებები და სხდომის დარბაზის ზომა - ამ გარემოებების შეფასება ჩვენი კომპეტენციის სფეროს სცდება, თუმცა „მნიშვნელოვან ხარვეზად" მათი წარმოჩენა თავად მეტყველებს განცხადების ავტორთა შეფასების სტანდარტზე.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ განცხადება - „რის გამო დაჯარიმდა ბიძინა ივანიშვილი" - არ გვაძლევს პასუხს სათაურში დასმულ კითხვაზე, ვინაიდან მასში არ არის მოცემული დაჯარიმების სამართლებრივი საფუძვლის, აგრეთვე უკანონო შემოწირულობის განხორციელების სქემისა და სამართალდარღვევის ჩადენის მტკიცებულებითი მხარის ანალიზი. შესაბამისად, სრულიად გაუგებარი ხდება განცხადების დანიშნულება, სადაც მთელი მსჯელობა აგებულია არასრულად წარმოდგენილი ფაქტების ტენდენციურ განხილვაზე.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციათა ინტერესს პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების საკითხებისადმი და მზად არის, განაგრძოს მათთან კონსტრუქციული თანამშრომლობა ამ მიმართულებით, თუმცა აქვე გამოთქვამს სურვილს, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა აღნიშნულ პროცესში, თავი შეიკავონ ფაქტების დამახინჯებისა და სამართლებრივი საფუძვლების ტენდენციური ინტერპრეტაციისაგან.