პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილი სს „ბანკი ქართუს“ გენერალურ დირექტორს ნ. ჯავახიშვილს

11.07.2012 09:41:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ოფიციალურად მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება, რომ გაცხადებული პოლიტიკური მიზნების და ამოცანების მქონე ფიზიკური პირის - ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის საბანკო ანგარიშებიდან, 2012 წლის განმავლობაში, სს „ბანკი ქართუს" გენერალური დირექტორის ნოდარ ჯავახიშვილის პირად ანგარიშზე 6 მილიონ ლარამდე ფულადი თანხა ჩაირიცხა, რომელიც ამ უკანასკნელმა ჩარიცხვისთანავე გაიტანა ბანკიდან.

რადგან ბიძინა ივანიშვილი, მისი საჯაროდ გაცხადებული საარჩევნო მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტია, ამავდროულად უკვე არაერთხელ აქვს დარღვეული პოლიტიკური დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნები, არსებობს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ ზემოაღნიშნული ტრანზაქციები შესაძლოა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს და ნოდარ ჯავახიშვილის მიერ განაღდებული მილიონობით ლარი ორგანული კანონის გვერდის ავლით იხარჯებოდეს.

იმისათვის, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიიღოს გონივრული რწმუნება ბიძინა ივანიშვილის მიერ ნოდარ ჯავახიშვილის პირად ანგარიშზე ჩარიცხული სოლიდური თანხების ხარჯვის მიზნობრიობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა სს „ბანკი ქართუს" გენერალურ დირექტორს სთხოვა ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სამი დღის ვადაში წარუდგინოს დოკუმენტალურად დადასტურებული ინფორმაცია, მიღებული დაფინანსების შედეგად განხორციელებული საქმიანობისა და ხარჯების შესახებ.