სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადება წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით

07.08.2012 05:00:00

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს პარტიების ფინანსური საქმიანობის კანონიერებისა და გამჭვირვალობის მონიტორინგს.

ამ კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია წინასაარჩევნო კამპანიის დროს გარკვეული რეგულაციები დააწესოს მაუწყებელსა და პოლიტიკურ სუბიექტს შორის ურთიერთობებში.

აღნიშნული განპირობებულია მაღალი საჯარო ინტერესით, მოხდეს ყველა მაუწყებლის მიერ საარჩევნო სუბიექტების თანაბარ და არადისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენება, და ამ პროცესში ფინანსური რესურსების გამჭვირვალედ გამოყენება.

შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, გენერალური აუდიტორის ბრძანებით, განმარტა გამჭვირვალობის სტანდარტები წინასაარჩევნო პერიოდში სარეკლამო ხარჯებთან მიმართებაში. სახელმწიფო აუდიტის სამსახური განმარტავს, რომ გენერალური აუდიტორის ბრძანებით დადგენილი რეგულაციები, ერთის მხრივ, არ აფერხებს პოლიტიკური სუბიექტებისთვის კანონით უზრუნველყოფილ უფლებას შეუფერხებლად აწარმოონ საარჩევნო აგიტაცია. მეორეს მხრივ, აღნიშნული რეგულაციები უზრუნველყოფს ფინანსური რესურსების განკარგვის ეფექტურ მონიტორინგს და ამ გზით ახდენს საარჩევნო სუბიექტების ან/და მაუწყებლების მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევის რისკების მინიმიზაციას. შესაბამისად, კერძო და საჯარო ინტერესების შეჯერების გზით, გენერალური აუდიტორის ბრძანებით დადგენილი რეგულაციები ხელს უწყობს ლეგიტიმური ინტერესის - ფინანსურად გამჭვირვალე ჯანსაღი საარჩევნო გარემოს დამკვიდრებას.