სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადება

17.08.2012 07:51:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახური დარღვევების პრევენციის მიზნით, პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული დაფინანსების კანონიერებასა და გამჭვირველობაზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. მონიტორინგის პროცესში დადგინდა, რომ პოლიტიკურმა კოალიციამ „ქართული ოცნება" გადააჭარბა კანონით ერთი წყაროდან მიღებული შემოსავლებისთვის დადგენილ ხუთასიათასლარიან ზღვარს.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შემომწირველი ფიზიკური პირები შემოსავალს მთლიანად ან ნაწილობრივ იღებენ ერთი წყაროდან (ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან ან მათთან დაკავშირებული პირებისაგან), მაშინ მათ მიერ ერთი პარტიის საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ წლის განმავლობაში განხორციელებულ შემოწირულებათა საერთო ოდენობაარ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს, ამასთანავე თითოეულის მიერ განხორციელებული შემოწირულებების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს.

ამ მუხლით გათვალისწინებული ზღვრების დარღვევასთან დაკავშირებით პოლიტიკურ გაერთიანებებსა და შემომწირველებს პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, თუ მათთვის ცნობილი არ იყო შესაბამისი ნორმის დარღვევის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია განსაზღვროს არანაკლებ 5 დღის ვადა შესაბამისი დარღვევის აღმოსაფხვრელად".

რადგან მონიტორინგის ძირითად მიზანს წარმოადგენს დარღვევების პრევენცია და პოლიტიკური დაფინანსების კანონშესაბამისობის უზრუნველყოფა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკურ კოალიციას „ქართული ოცნება" აცნობა, რომ მათ გადააჭარბეს კანონით ერთი წყაროდან მიღებული შემოსავლებისთვის დადგენილ ხუთასიათასლარიან ზღვარს. 2012 წლის 1 იანვრიდან დღემდე აღნიშნულმა პოლიტიკურმა სუბიექტმა იმ ფიზიკური პირებისაგან, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ შემოსავალს ერთი წყაროდან - ბიძინა ივანიშვილისაგან იღებენ, სულ შემოწირულების სახით მიიღო 623,858,75 ლარი. შესაბამისად, კანონით დადგენილი ზღვარის გადაჭარბებით მიღებული თანხა შეადგენს 123,858 ლარს.

შესაბამისად, დარღვევების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ზემოაღნიშნულ პოლიტიკურ სუბიექტს ორგანული კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მიმართა წინადადებით, ამ მუხლით გათვალისწინებული ზღვარის დარღვევით მიღებული შემოწირულება - 123,858 ლარი დაუბრუნონ უკან შემომწირველებს 5 დღის ვადაში. მათ გაეგზავნათ ყველა პირის, მათ შორის იმ პირთა სია და მონაცემები, რომელთა მიერ შეწირული თანხების შემდეგ დაფიქსირდა ლიმიტის გადაცილება. ეცნობათ ასევე იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომელი კომპანიებიდანაც დაფინანსების მიმღებმა პირებმა შემოწირულებები განახორციელეს პოლიტიკური სუბიექტის ანგარიშზე და გადააჭარბეს ერთი წყაროდან კანონით დაშვებული შემოწირულების ხუთასიათასლარიან ზღვარს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია, კანონდარღვევების თავიდან აცილების მიზნით, უზრუნველყოს ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და საზოგადოების ინფორმირებულობა. ამ მიზნით ფიზიკური პირებს, რომლებიც შემოსავალს მთლიანად ან ნაწილობრივ იღებენ ბიძინა ივანიშვილის და მასთან დაკავშირებული კომპანიებისაგან, აცნობებს, რომ პოლიტიკურმა კოალიციამ „ქართული ოცნება" გადააჭარბა ერთი წყაროდან კანონით დაშვებული შემოწირულებების ხუთასიათასლარიან ზღვარს. შესაბამისად, მათ მიერ აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა ჩაითვლება უკანონოდ.