ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადება

21.08.2012 06:24:00

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ყველა პოლიტიკური გაერთიანება შემოწირულების მიღების, ასევე საწევრო შენატანის განხორციელების შესახებ ინფორმაციას 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს. ფინანსური მონიტორინგის სამსახური, კანონით მონიჭებული უფლაბამოსილების ფარგლებში, მუდმივად ამოწმებს შემოწირულებების წარმომავლობის კანონიერების საკითხს.

დღეისათვის, ფინანსური მონიტორინგის სამსახური, პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, პოლიტიკური გაერთიანებებისათვის 32 პირის მიერ შეწირული თანხების წარმომავლობის კანონიერების შესწავლას ახორციელებს. მათ შორის 21 პირმა შემოწირულება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ განახორციელა, 6 პირმა თანხები „ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველოს"შესწირა, 2 პირმა - „თავისუფალი საქართველოს", 3 პირმა კი - „რესპუბლიკურ პარტიას".

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პოლიტიკური გაერთიანებებისათვის შეწირული თანხების წარმომავლობის დასაბუთებულობის დადგენის მეოთხე ეტაპზე ადმინისტრაციული წარმოება 2012 წლის 10 აგვისტოს დაიწყო. ორგანული კანონის 341 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ" ქვეპუნქტის შესაბამისად, პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური ადმინისტრაციული ორგანოებიდან და კომერციული ბანკებიდან ოფიციალური ინფორმაციის გამოთხოვას ახორციელებს. ინფორმაციის ანალიზის შემდეგ ორგანული კანონის 341 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მოხდება იმ შემომწირველთა მოწმის სახით მოწვევა, რომელთა მიერ პოლიტიკური სუბიექტისათვის შეწირული თანხების წარმომავლობის დადგენა დამატებით შესწავლას მოითხოვს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მომავალშიც გააგრძელებს მონიტორინგს და უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების კანონშესაბამისობის შესახებ.