სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადება საქართველოს მთავარი პროკურატურიდან გადმოგზავნილ მასალებთან დაკავშირებით

09.01.2013 07:08:00

2013 წლის 8 იანვარს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საქართველოს მთავარი პროკურატურიდან შესწავლისა და შემდგომი რეაგირების მიზნით, გადმოიგზავნა სისხლის სამართლის საქმის მასალის ასლები, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანული კანონით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის ფაქტებს.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებული მასალების საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკური დაფინანსების კანონშესაბამისობის საკითხის დადგენის უზრუნველსაყოფად, გატარდება კანონით განსაზღვრული ყველა ღონისძიება. მათ შორის მოხდება იმ პირთა მოწმის სახით გამოკითხვა, რომლებიც შესაძლოა საქმის ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე ფლობდნენ ინფორმაციას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური, პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, გატარებული ღონისძიებებისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას გახდის საჯაროს და საზოგადოების ყველა დაინტერესებულ წევრს მიეცემა მათი გაცნობის საშუალება.