სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადება

04.07.2013 03:00:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა,  "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ " საქართველოს ორგანული კანონით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, 2013 წლის24 აპრილს, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურიდან მიღებული მასალების საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " მიერ ორგანული კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესაძლო დარღვევის ფაქტებზე.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შესწავლილი საკითხი შეეხება საქართველოს მთავრობის 2012 წლის5 ივლისის №234 დადგენილებით დამტკიცებული „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის“ ფარგლებშიდასაქმებულ პირებზე პოლიტიკურიგაერთიანება„ერთიანინაციონალურიმოძრაობის“სასარგებლოდ გაწეული წინასაარჩევნო აქტივობისათვის თანხის ჩარიცხვას, კერძოდ:

2012 წლის 5 ივლისს დამტკიცდა საქართველოს მთავრობის №234 დადგენილება „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის“ შესახებ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა უზრუნველეყო სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის კითხვარის ფორმის დამტკიცება და საჭირო თანხების მოძიება "საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" სქართველოს კანონით, ამავე სამინისტროსთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში. პროგრამის მიზანი და ამოცანა იყო საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის სამუშაოს მაძიებელთა ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნის ხელშეწყობა და სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა. პროგრამის განხორციელება დაევალა სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“, ხოლო დაფინანსების წყაროს წარმოადგენდა „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ სქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებები.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის №1485 განკარგულების საფუძველზე, სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტოს " შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა განისაზღვრა 26 791 ერთეულით. აღნიშნული განკარგულებისა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის №234 დადგენილებით დამტკიცებული "სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამით " გათვალისწინებული ღონისძიებების ოპერატიულად და შემჭიდროებულ ვადებში უზრუნველყოფის მიზნით, 2012 წლის 3 სექტემბერს, ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ დირექტორის მიერ გამოცემული იქნა ბრძანება №04-814/კ შტატგარეშე თანამდებობაზე 21 837 პირის მიღების შესახებ, ასევე დამტკიცებული იქნა შრომითი ხელშეკრულების ფორმა და სამუშაო აღწერილობა. დასაქმებულების ერთი თვის ანაზღაურება განისაზღვრა 300 ლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2012 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით - პერიოდი.

საქმეში არსებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოდან“ მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ 2012 წლის 14 სექტემბერს, 21837 კონტრაქტით აყვანილ პირზე ხელფასის გადარიცხვა არ განხორციელებულა შესრულებული სამუშაოს მიხედვით, გადაირიცხა ფიქსირებული თანხა 300 ლარის ოდენობით. შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტები კი სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტოში" არ ინახება.

ასევე მასალებით დგინდება, რომ ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ პირებს, სამუშაოების განხორციელების გარეშე, როგორც ქ.თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულში მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ განხორციელებული წინასაარჩევნო აქტივობისათვის „ლიბერთი ბანკის“ შესაბამის ფილიალებში წინსწრებით ჩაერიცხა - თითოეულს 240 ლარი, სულ 5 240 880 ლარი.

საქმის მასალების თანახმად, დასაქმებული პირების ნაწილმა არაფერი იციან „დასაქმების პროგრამის“ შესახებ, ხელი მოაწერეს მათთვის უცნობ ხელშეკრულებას, ასრულებდნენ პარტიულ დავალებებს და მიღებული აქვთ ანაზღაურება, ხოლო ნაწილისთვის ცნობილი იყო, რომ გაფორმებული იქვნენ სოციალურ სააგენტოში (დასაქმების პროგრამაში), მაგრამ ამ კუთხით არ უმუშავიათ და მიღებული აქვთ ანაზღაურება.

ამდენად, საქმის მასალების შესწავლით გამოვლინდა, რომ:

  • საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის №234 დადგენილებით დაწყებული  "სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის " მეორე ეტაპი იყო პოლიტიკური გაერთიანება  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. ამ კამპანიის ფარგლებში სოციალური მომსახურების სააგენტომ 2012 წლის 1 სექტემბერს, 1 თვის ვადით კონტრაქტი გაუფორმა 21 837 პირს, რომლებმაც პარტიის სასარგებლოდ შეასრულეს სააგიტაციო სამუშაოები. შესაბამისად, შედგენილ იქნა დაუსაბუთებელი/ფიქტიური დოკუმენტაცია და ყოველგვარი შესრულებული სამუშაოს დადასტურების გარეშე აღნიშნულმა პირებმა მიიღეს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხები, თითოეულზე 240 ლარის ოდენობით. სულ განხორციელდა 5 240 880 ლარის გადარიცხვები;
  • აქვე დადგინდა, რომ კონტრაქტითბ გასაფორმებელ პირთა სია შედგენილი იყო ადგილობრივი თვითმმართველობებისა და გუბერნიების წარმომადგენლების მიერ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " პარტიული აქტივისა და მხარდამჭერებისგან, რომლებიც ინფორმირებულებიც კი არ იყვნენ დასაქმების პროგრამის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს შესახებ. აღნიშნული ცხადყოფს, რომ რიგი სახელმწიფო უწყებების მიერ უგულებელყოფილ იქნა „დასაქმების პროგრამით " გათვალისწინებული მიზნები და საბიუჯეტო სახსრები მიმართული იყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " წინასაარჩევნო კამპანიის სასარგებლოდ;
  • შედეგად, პოლიტიკურმა გაერთიანება "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ",  "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ " საქართველოს ორგანული კანონის გვერდის ავლით, პარტიული მიზნებისთვის გამოიყენა საბიუჯეტო სახსრები და მიიღო 5 240 880 ლარის უკანონო შემოწირულობა.

ამასთან, ვინაიდან საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 19 დეკემბრის ამნისტიის აქტის შესაბამისად სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოებააღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით და რადგან საქმის მასალების შესწავლის შედეგად ასევე იკვეთება სხვადასხვა კანონმდებლობით დასჯადი ქმედებების არსებობის ნიშნები, აღნიშნულ ანგარიში გადაეგზავნება საქართველოს მთავარ პროკურატურას.

იხ. ტელესიუჟეტები