განცხადება

24.04.2014 04:00:00

დღეს, 24 აპრილს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გაიმართა დასკვნითი შეხვედრა 2014  წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებით - საარჩევნო სუბიექტებისთვის ახალი რეგულაციებისა და ვალდებულებების დაწესების შესახებ, ასევე მოქმედი ფინანსური საკითხების განხილვის მიზნით.

შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული სუბიექტები, რომლებსაც წარდგენილი აქვთ განცხადება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის მარტსა და აპრილში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გაიმართა რამდენიმე შეხვედრა საარჩევნო თემატიკით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, წინასაარჩევნო პერიოდის უკეთესად წარმართვის მიზნით. არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციის საფუძველზე, მომზადდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება „ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების 2014 წლის არჩევნებისათვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“.

აღნიშნულის საფუძველზე წინასაარჩევნო პერიოდში:

  • შესაბამისი წესით რეგისტრირებული ყველა საარჩევნო სუბიექტი (პოლიტიკური პარტია, საარჩევნო ბლოკი, საინიციატივო ჯგუფი) ვალდებულია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2014 წლის არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილი წესით წარადგინოს 3-კვირიანი პერიოდის ფინანსური ანგარიში შემდეგი გრაფიკით:
    • ინფორმაცია, მიმდინარე წლის 14 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით  - 7 მაისს;
    • ინფორმაცია,  5 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით  - 28 მაისს;
    • ინფორმაცია, 26 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით  - 18 ივნისს.
  • საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია გახსნას საარჩევნო კამპანიის ფონდი. დაუშვებელია ფონდისთვის ერთზე მეტი ანგარიშის გახსნა;
  • საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია კანდიდატის რეგისტრაციიდან არა  უმეტეს 15 დღის ვადაში გახსნას საარჩევნო კამპანიის ფონდი და მხოლოდ ფონდის სახსრებიდან დააფინანსოს საარჩევნო კამპანიის ხარჯები;
  • საინიციატივო ჯგუფის შემთხვევაში შესაძლებელია ფონდი დაფუძნდეს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფორმითაც, რა დროსაც უკვე რეგისტრირებული ფონდი იქნება ანგარიშვალდებული და ასევე შესაძლებელია საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდისათვის გამოყენებულ იქნეს კანდიდატის მიერ გახსნილი ახალი საბანკო ანგარიში.
  • საარჩევნო სუბიექტის მიერ საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფინანსებისას დაუშვებელია ფონდის სახსრების გარდა სხვა სახსრების გამოყენება;
  • საარჩევნო კამპანიისთვის აუცილებელი საქონლისა და მომსახურების შესაძენად სუბიექტის ფონდის ფორმირებამდე გაღებული ხარჯები და მიღებული შემოსავლები უნდა აისახოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 17 აგვისტოს N142/37 ბრძანებით დამტკიცებულ ფორმა №3-სა  და ფორმა №5-ში. საარჩევნო სუბიექტი, შესაბამისად, უზრუნველყოფს ფორმა №2-ისა და ფორმა №4-ის კორექტირებას.

გარდა აღნიშნული ბრძანებისა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციის შედეგად შემუშავდა გენერალური აუდიტორის 2 მოქმედ ბრძანებაში  ცვლილებების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს მოქმედი ნორმების გამარტივებასა და პოლიტიკური სუბიექტებისათვის საარჩევნო პერიოდში დამატებითი ბარიერების მოხსნას, რომლებიც ასევე განხილულ იქნა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრაზე ასევე გაიმართა პრეზენტაცია არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებების მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა ინფორმაციის წარმოდგენის ფორმებისა და ვადების შესახებ. ყველა დაინტერესებული პირისათვის მიმდინარეობს კონსულტაციები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს წინასაარჩევნო პერიოდის მაქსიმალურად გამჭვირვალე და თანასწორ პირობებში წარმართვა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდგომ ყველა საარჩევნო სუბიექტს გადაეცა შესაბამისი წერილი, აგრეთვე  ამ და სხვა ტექნიკური საკითხების მარეგულირებელი ინფორმაცია, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ყველა მოქმედი ნორმის გათვალისწინება და საარჩევნო პერიოდის ფინანსური ხარვეზების გარეშე წარმართვა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონიტორინგის სამსახური გეგმავს მსგავსი ტიპის შეხვედრების საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელებას და ასევე, აცხადებს მზადყოფნას ცხელი ხაზის თუ თანამშრომლების მხრიდან  სატელეფონო დახმარებით, ნებისმიერი სახის კონსულტაციის გასაწევად და საჭიროების შემთხვევაში, დამატებთი ტრენინგების ჩასატარებლად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე, გამჭვირვალე და სამართლიანი საარჩევნო პროცესის წარმართვა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ამასთან ერთად აღვნიშნავთ, რომ სამსახური მაქსიმალურად ცდილობს კანონის მოთხოვნების დაცვასთან ერთად გაითვალისწინოს საარჩევნო სუბიექტებისა და შემომწირველი ფიზიკური პირების ინტერესები, რადგანაც ჩვენთვის მთავარია არა  ჯარიმებისა და სანქციების დაწესება, არამედ უპირატესია დარღვევების პრევენცია. შესაბამისად, რიგ შემთხვევებში ვცდილობთ და მომავალშიც ვეცდებით კანონის უზენაესობასთან ერთად, უზრუნველვყოთ მონიჭებული უფლებამოსილებების მიუკერძოებლად განხორციელება და სანქციების დაწესებამდე გამოყენებულ იქნეს გაფრთხილებისა  და კანონის მოთხოვნების დაცვისკენ მოწოდების ფორმები.