პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის განცხადება

09.06.2014 07:37:00

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2014 წლის საარჩევნო პროცესების მონიტორინგის შედეგად აქვეყნებს მიმდინარე მონაცემებს 160-მდე დამოუკიდებელი საარჩევნო სუბიექტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულების დარღვევების შესახებ.

1. გამოვლინდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 321 მუხლისა და 341 მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2014 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2014 წლის 23 აპრილის №76/37 ბრძანების მოთხოვნების დარღვევა, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში მონაწილე სუბიექტები ვალდებულნი არიან 3 კვირაში ერთხელ წარმოადგინონ ფინანსური ანგარიშები.

ზემოაღნიშნული არის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის მის მიერ მოთხოვნილი და ამ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა“ − რაც ითვალისწინებს იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო ფიზიკური პირის დაჯარიმებას - 1 000 ლარით.

2. ასევე გამოვლინდა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2014 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2014 წლის 23 აპრილის №76/37 ბრძანების მოთხოვნების დარღვევა, რომლის მიხედვით, საარჩევნო კამპანია უნდა დაფინანსდეს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ დამოუკიდებელი კანდიდატის კამპანიის დასაფინანსებლად გახსნილი საარჩევნო ფონდიდან და აღნიშნული ინფორმაცია უნდა იქნეს წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. აღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობა იწვევს პასუხისმგებლობას „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 85-ე მუხლის შესაბამისად, რომლის მიხედვით, საინიციატივო ჯგუფის მიერ „საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის წარდგენის კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა“ ითვალისწინებს ჯარიმას 1 500 ლარის ოდენობით.

შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის მიერ 160-მდე დამოუკიდებელი კანდიდატის მიმართ მომზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებთან ერთად გადაწყვეტილების მიღების მიზნით, გადაიგზავნება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოუწოდებს ყველა საარჩევნო სუბიექტს, დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციები და დროულად წარმოადგინონ საარჩევნო სუბიექტებისათვის გათვალისწინებული ყველა ინფორმაცია.

მონიტორინგის სამსახური კვლავ აგრძელებს მიმდინარე პროცესების მონიტორინგს და მომავალშიც ყველა საკითხზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს, რადგან სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს პოლიტიკური ფინანსების სრული გამჭვირვალობა და ხელი შეუშალოს უკანონო თანხების გამოყენებას.