არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში

28.05.2015 06:27:00

დღეს,  28 მაისს   გამართულ კონფერენციაზე საქართველოში მოღვაწე 15-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირველი ორი წელი შეაფასა. შემაჯამებელი ანგარიში საჯარო პოლიტიკის 20-ზე მეტ სფეროს ეხება.

ანგარიშის ცალკეულ თავებზე შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმუშავეს, რომლებიც უკვე წლებია,  აქტიურად აკვირდებიან ამ სექტორებში განვითარებულ მოვლენებს. მათი რეკომენდაციები, თავის მხრივ, გამყარებულია ამ სექტორში არსებული საექსპერტო ცოდნით და ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მრავალწლიან შესწავლას. ეს სფეროებია: სახელმწიფო მართვის სისტემა და ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობა, სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა, მართლმსაჯულება, საარჩევნო რეფორმა, ადგილობრივი თვითმმართველობა, ადამიანის უფლებები და თანასწორობა, ეკონომიკა და საინვესტიციო გარემო, საგარეო პოლიტიკა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, ღია მმართველობა, მედია, მიგრაცია და კულტურული მემკვიდრეობა.

აღნიშნულ კონფერენციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ესწრებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქმიანობა დადებითად არის შეფასებული.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2012 წლის შემდგომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა გახდა უფრო გამჭვირვალე  და მისი გადაწყვეტილებები აღარ ატარებს შერჩევითი სამართლის ხასიათს.

იხ.ანგარიში